რაც  კარგები ვართ, ქართველები ვართ ?..
35, თბილისი, საქართველო

”უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

ნ. დუმბაძე ”თეთრი ბაირაღები”

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს N1

მე და ჩემი მეგობრის ოჯახმა, გასეირნება მოვაწყვეთ ამას წინათ კოჯორში. ორი ბავშვი ჰყავს.
ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიგრილე, კოცონი, კონიაკი, გიტარა...
-მამა ეშეთი მეჩ ხო მაქ?
-სად იპოვე შე მაიმუნო , გადააგდე დროზე ! თეონა მოხედე ამ ბავშვს - გიორგიმ ისე დაუყვირა უფროს ბიჭს , რომ მეც შევხტი და ჩემდაუნებურად ბავშვისკენ გავიხედე - ბუნჩულა ხელში პატარა ხის ტოტი ეჭირა , ტოტზე კი გაყვითლებული, ნახევრად დამპალი ”პამპერსი” ქანაობდა.
თეონა უმცროსს ბავშვს აჭმევდა, ამიტომ ისევ გიორგის მოუწია ჩარევა, ნაგავი გადააგდებინა, ხელები დაბანა და გვერდით მოისვა.
- აქ იჯექი და ფეხი არ მოიცვალო !
ბავშვმა კოპები შეკრა , გაკვირვებულმა შეგვათვალიერა რას მერჩიანო და ბედს შეგუებულმა ახლა დედამისის ჩანთაში დაიწყო ქექვა...
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს N2
ლუდის დალევისათვის საკმაოდ კარგი გარემოა საღამოობით თბილისის ზღვაზე, ყოველშემთვხვევაში ჯერჯერობით... (საზამთრო არ შემოსულა ჯერ, რომ შემოვა მერე იქნება საქმე ცუდად - ბუზი, ქინქლა, მყრალი სუნი, სიდამპლე!!!)
სანაპიროს ლუდი, ჩაციებული არაყი, თევზი, ხმელი ყველი, შავი პური, ნივრის წნილი..
-მოდი რა ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს, გამთლიანებულიყოს გაძლიერებულიყოს რა ძმაო და ბედნიერ ქვეყანაში გვეცხოვროს რა - სულმოუთქმელად გადაკრა არაყი, მერე ლუდს დაეწაფა, გამოსცალა კათხა, ნეტარებით ამოიხვნეშა, თითქმის დაცლილ პლასტმასის ხუთლიტრიანს დასწვდა, ”ყაზბეგი” ჩამოისხა და.... და სანაპიროს ქვებზე გაიბრაგუნა ხუთლიტრიანმა...
მისვლისას დაახლოებით ნახევარი საათი ვეძებდით სუფთა ადგილს, ბოლოს როგორც იქნა მივაგენით , თუმცა ”სუფთა” პირობითი ნათქვამია, უბრალოდ სხვა - ”ჩანატახტარისბოთლებულ”, ”ჩათევზისფხავებულ” , ”ჩაპამპერსებულ” , ”ჩაპრეზერვატივებულ”, ”ჩამოლფედებულ” და ჩამყაყებულ ადგილებთან შედარებით გავდა რაღაცას.
რატომ გეცინებათ? არ არის ასე? ჩვენ ხომ ყველაფერს ვყრით ყველგან, მთავარია იმ წუთას, იმ მომენტში მოვიშოროთ რაც ჩვენთვის ზედმეტია, თანაც ისე, რომ არ დავირღვიოთ კომფორტი უმუშევრად დარჩენილ ნაგვის ურნებთან მისვლით და მერე რა თუ აყროლდება, აშმორდება და დალპება ის ყველაფერი რასაც ”გამთლიანებას” და ”გაძლიერებას” ვუსურვებთ , თქვენი არ ვიცი და მე პირადად ამ სიდამპლეში ნათქვამი სადღეგრძელოსი არ მჯერა !!!


სატირალი, სატირალი, სატირალი N1

ცხვარიჭამიას გზას, რომ დაადგები, დაახლოებით ოცი წუთი ივლი და მერე ტყეში შედის გზა, რაც უნდა ძლიერი სიცხე იყოს გარეთ, ტყეში შესული მომენტალურად გრძნობ სიგრილეს კი არა - სიცივეს. მოკლედ საოცარი ადგილია.
გზისპირზე წყაროა გაკეთებული - ”გოდერძის წყარო” - ასე ეძახიან იქაურები ,
გოდერძი იმ კიუთხის შვილია, აფხაზეთის ომში დაღუპულა
დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეზეა ამოჭრილი მიწა, რამოდენიმე საფეხურს ჩაივლი და პატარა მილს დაინახავ, იმას რაც იმ მილიდან გადმოდის , უბრალოდ ”წყალს” ვერ უწოდებ, ”მკვდარს გააცოცხლებსო” რომ იტყვიან სწორედ ისაა, ყინულივით ცივი, კამკამა...
მაგრამ რად გინდა ?! მილამდე, რომ მიხვიდე ერთმანეთში აზელილ ნაგავსა და ტალახში მოგიწევს გატოპვა, თუ გაგიმართლა და გააღწიე ამ სიბინძურიდან წყალსაც დალევ ...
დასიცხულებს წყალი გვწყურია და ჩვენივე დაყრილი ნაგავი არ გვიშვებს წყარომდე ხალხნო !!!!!!!!!!!
როგორ მოკვდა ნეტავ გოდერძი? ტყვიით? ნაღმით? დანით? ყუმბარით? რა იყო მისი ბოლო სიტყვები? რა იყო მისი ბოლო გაფიქრება?
რა და მიწა!!! მიწა და ალბათ დედა !!! ალბათ არა, ნამდვილად - დედა და მიწა. დედა და მიწა რომელიც ფეხებზე დაიკიდა გოდერძის ერმა, არ მითხრათ ახლა არაო!!! მაშ რატომ სცურავს მეომრის სახელობის წყარო სიბინძურეში???
....
ამასწინად ვაჟა-ფშაველას გამზირზე მივდიოდი, მოყავისფრო სტუდენტები, რომ სწავლობენ სამედიცინოზე იმათ წამოვეწიე, ერთმა ნაყინი გახსნა და ქაღალდი უკან მოისროლა, არც გამოუხედავს ისე, ახლაც არ ვიცი როგორ ავფეთქდი ისე უცბად,
-აე ჩვენი ძმაა!!
გაკვირვებულებმა შემომხედეს. ის იყო ქაღალდისკენ უნდა მიმეთითებინა, რომ ზემოთნახსენები წყარო გამახსენდა, შემრცხვა, შემზიზღდა ჩემი თავი, რა უნდა მოსთხოვო პაკისტანელს თუ ინდოელს??.. უცხოს რა უნდა მოსთხოვო??

....
ზემოთ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ჩვენზე - ქართველებზე ვერ იტყვის კაცი თავის ქვეყანა ფეხებზე კიდიათო, უბრალოდ ერთი აუხსნელი მომენტია : არის წუთები როდესაც გოდერძისავით თვალდაუხუჭავად გადავეფარებით ჩვენი სამშობლოს მოსახვედრ ტყვიას და ამავე დროს ისეც ხდება რომ ყველგან ყველაფერს ვყრით ოღონნდ კი, უმუშევრად დარჩენილ ნაგვის ურნებთან მისვლით არ დავირღვიოთ კომფორტი ...
ამას რა ქვია არ ვიცი ..

”უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.
ნ. დუმბაძე ”თეთრი ბაირაღები”

p.s
"ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული’დ გონება ძმანია”
ვაჟა-ფშაველა ”ალუდა ქეთელაური”







28 ნახვა
 
კომენტარები
Beqza 26.06.2012

ვიზიარებ ამ ყოველივეს!

დაე სხვებმა იცინონ, მე კი მეტირება ამაზე...

vassss 26.06.2012

ara aramarto tqven , egaa saintereso calk-calke yvela egre vfiqrobt magram urnebi mainc carielia...

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში